თეგი: ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სახელობის სტადიონზე, პირველ ოფიციალურ მატჩში, „ნაპოლის“ რიგებში დუბლი შეასრულა

„ნაპოლის“ მაისურით მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიამ ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა, მეორე შეხვედრაში კი, მის ანგარიშზე მესამე გოლია. „ქართველმა ფეხბურთელმა ზელინსკის პასის შემდეგ, ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე იტალიის სერია A-ს დებიუტანტ „მონცას“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.   კვარაცხელის დებიუტი გასულ კვირას შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი „ვერონას“ კარში გაიტანა.    

ხვიჩა კვარაცხელია: ემიგრანტების გახარება და მათი ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ პოსტს მისთვის გმირ ადამიანებს, ემიგრანტებს უძღვნის. „ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობით კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა, რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში“, - წერს ქართველი ფეხბურთელი.  

„ნაპოლის“ მფრინავი სერია A-ს შტურმით იღებს - BBC ხვიჩა კვარაცხელიაზე

შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას მისვლამ „ნაპოლიში“, არ გამოიწვია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგოს ტრანსფერმა 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ცხოვრების ბრწყინვალე დაწყებამ აღფრთოვანება გამოიწვია და გარემარბს კვარადონაც კი უწოდეს. - ეს BBC-ია ქართველი ფეხბურთელის შესახებ. ბრიტანულმა მედიასაშუალებამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტის წინ, ხვიჩა კვარაცხელის შესახებ სტატია მოამზადა. „მარადონასთან მიახლოება არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე", - ციტირებს BBC კვარაცხელიას სიტყვებს. ოთხშაბათს მას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი აქვს, როდესაც „ნაპოლი“ „ლივერპულს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. „მარადონას მსგავსად, სერია A-ში კვარაცხელიას დებიუტიც ვერონასთან შედგა, თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით, მან მთავარი როლი შეასრულა (გოლით და საგოლე გადაცემით) ნაპოლის მიგებაში. მაშინ, როდესაც კლუბი ლეგენდებმა - ლორენცო ინსინიემ, კალიდუ კულიბალიმ და დრის მერტენსმა დატოვეს, კვარაცხელია აღდგენილი „ნაპოლის“ ნაწილია“, - წერს BBC. „ეს იყო საოცარი აღმოჩენა, ჩვენ ამას არ ველოდით - ეს იყო ჩვენთვის დიდი და საუკეთესო სიურპრიზი", - ამბობს კირსტენ შლევიცი, წიგნის „მეტი, ვიდრე მარადონას“ ავტორი BBC-სთან.

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა - CNN

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა - ამ სათაურით CNN-მა იტალიური ნაპოლის ქართველ გარემარბს სტატია მიუძღვნა. „მარადონასთან შედარება „ნაპოლის“ გულშემატკივრების მიერ, არის იმედი, რომ ეს იმ წარმატებებს მოიტანს, რომლებიც არგენტინელმა (მარადონამ, რედ.) მოიტანა. მარადოანს მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია ა-ს მესამე ტიტული „ნაპოლისთვის“ მიუღწეველი დარჩა. შემდეგ, ივლისში, „ნაპოლიში“ ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი აურზაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „კვარამ შეცვალა ცხოვრება საქართველოში". CNN-ი „ნაპოლის“ წაუგებელ სერიაში ქართველი ფეხბურთელის წვლილს უსვამს ხაზს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდად აქცია.

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას Corrieredellosport-ი ავრცელებს. მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს. გამოცემა წერს, რომ ამ დროის ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა, თუმცა ვერაფერი შეამჩნია. „ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა, დღეს კი, გუნდთან ერთად ვარჯიშზე წავიდა“, - წერს იტალიური მედია.

მედია: პოლიციამ იპოვა ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, რომლის მოპარვის შესახებ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რეკორდულ დროში იპოვეს. ამის თაობაზე ნეაპოლიტანური მედია წერს. მისივე ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა პოლიციელებმა ნეაპოლიდან 24 კილომეტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს. 3 ნოემბერს, იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.  

იტალიური მედია: ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, წელის მწვავე ტკივილის გამო, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს. „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს.  „წელის მწვავე ტკივილის გამო, კვარაცხელია ბერგამოში გასვლით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.  

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთან“ მატჩსაც გამოტოვებს

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო, კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ვარჯიში გამოტოვა.  ანალოგიური მიზეზით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ მატჩის გამოტოვა. სერია A-ს მე-14 ტურის მატჩი „სტადიო დიეგო მარადონაზე“, 8 ნოემბერს გაიმართება. „ნაპოლი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს.  

ხვიჩა კვარაცხელია, 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა. ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. რაც შეეხება საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (ფიგურული სრიალი) გახდა. საუკეთესო სპორტულ ფედერაციად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია დასახელდა. 2022 წლის აღმოჩენა ("ოლიმპიური იმედი") კი გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა) გახდნენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელად ბეჟან ჭიჭინავა დაასახელა (კრივი); საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში კი ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა) გახდა.  

იტალიაში დააკავეს 38 წლის ქართველი ძებნილი, რომელიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა - მედია

ნეაპოლში კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას "კვარას" საგულშემატკივროდ ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.  ამასთან, საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა, რომელიც მიზნად არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.  

ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა

ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა. დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა - მისი მშობლები, არმანდო და კლარა ორივე ნაპოლის გულშემატკივრები არიან. „სიმართლეა. ბავშვის სრული სახელი დანიელე ხვიჩა დავარქვით. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ ირგვლივ მოხდა“, - აღნიშნა ბავშვის მამამ. ცნობისთვის, პატარა დანიელე-ხვიჩა პირველი ბავშვია ნეაპოლში, რომელსაც ქართველი სუპერვარსკვლავის სახელი დაარქვეს.  

ხვიჩა კვარაცხელია საჩემპიონო ზეიმზე, სკუდეტოსა და „ნაპოლის“ მომავალზე

„ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა“, - ამბობს „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოს ოფიციალურად მოპოვების შემდეგ. ქართველი ფეხბურთელი ამაყობს, რომ გულშემატკივრები ნეაპოლში საქართველოდან ჩადიან, რაც კვარაცხელიას აზრით, მხოლოდ მის გამო არ ხდება: „ნაპოლის გულშემატკივრობენ, ეს ხალხია ჩემი მოტივაცია“. „არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო“, - ამბობს „ნაპოლის“ გარემარბი, რომელიც „მომავალს ოპტიმიზმითა და იმედით უყურებს“. „შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ საჩემპიონო ზეიმის დღეს, იტალიურ მედიასთან.  

ალექსანდრე იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს

საქართველოს ნაკრების მარტში გასამართ პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩთან დაკავშირებულ ვითარებაზე კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე, რომელიც მოულოდნელობა და ეროვნული გუნდისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის. წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ,“ – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.  

კალაძე: კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ნაკრებისთვის, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ

თბილისის მერის და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოჩნდა. ამის შესახებ კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს. „ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი საინტერესოა იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს,“ - განაცხადა კალაძემ. ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. ალექსანდრე იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს  

კვარაცხელიას მენეჯერის კომენტარს ოსიმენის მწვავე რეაქცია მოჰყვა

იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერის მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ნაწილს მის შესახებ, ამაზრზენი უწოდა. „ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო," - წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში. მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუს დროს, ასევე ისაუბრა ვიქტორ ოსიმენზე. მან ღნიშნა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში სათამაშოდ გადავა, კვარაცხელიას კი, „სხვა ცხოვრებისეიული ტვინი აქვს“ და საუდის არაბეთში მილიარდი რომ მისცენ, მაინც არ ითამაშებს.  

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

გამოცემა whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა. საერთო ჯამში Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა. ტურში ყველაზე მაღალი შეფასება პაულო დიბალამ მიიღო, „რომას“ არგენტინელ მოთამაშეს 9.2 ქულა დაუწერეს და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.  

ხავი ერნანდესი: ხვიჩა კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრის წინ მეტოქე გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეაქო. „დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას, რომელმაც მწვრთნელი თამაშის წინ შეცვალა. სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასოდეს ყოფილა. გამოვარჩევდი ნეაპოლელთა შეტევის დუეტს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება. მოტივირებული ვარ. მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია. მოცემული სიტუაცია გუნდის დნმ-ს არ ცვლის, ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, ფრე არ არის საუკეთესო შედეგი „ბარსასთვის“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვითამაშებთ,“ – განაცხადა შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ მწვრთნელმა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ოთხშაბათს, 21 თებერვალს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.  

ბადრი კვარაცხელია: ვფიქრობ, ხვიჩა „ნაპოლიში“ დარჩება

ბადრი კვარაცხელიამ სერია A-ს რადიოს ეთერში განაცხადა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ისევ ნეაპოლურ კლუბში ითამაშებს. „თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი შვილისადმი ნათქვამი კეთილი სიტყვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. როცა მარადონას ადარებენ, ძალიან რცხვენია, მაგრამ უხარია და არ იცის, გულშემატკივრებს ამისთვის მადლობა როგორ გადაუხადოს. ძალიან მადლობელი ვარ ნეაპოლის და მთელი იტალიის, რომ ჩემს შვილს აფასებენ და უყვართ. მან უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, ჩემი აზრით „ნაპოლიში“ დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მისი მისაღები იქნება,“ – ამბობს ბადრი კვარაცხელია.  

ექიმი: შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ საგანგაშო არაფერია

საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა. „ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება," - განაცხადა დავით ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში. 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, პირველად ითამაშებს.  

კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს – გუნდის ექიმებმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელს თამაშის უფლება არ მისცეს. „სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს,“ – წერია „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „შაბათს, 30 მარტს, 15:30 საათზე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთთან მატჩისას კვარაცხელიას კუნთი დაეჭიმა და ის მოედნიდან მაშინ გაიყვანეს, როდესაც გამარჯვებულის გამოსავლენად უკვე დამატებითი დრო მიმდინარეობდა.